“მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნეიტრალიტეტი საკმარისი არ არის, ამას სჭირდება ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერაც” – ნიკოლაე პოპესკუ
მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკოლაე პოპესკუმ განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნეიტრალიტეტის შესახებ მხოლოდ კონსტიტუციური დებულება საკმარისი არ არის. ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას – არის ძლიერი პარტნიორობა და ძლიერი მხარდაჭერა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მხარს გვიჭერენ ჩვენ და ჩვენს თავისუფლებას. და ეს არის – ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე, ეს ორი ორგანიზაცია“, – განაცხადა მან.
სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით სამომავლო პოზიციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პოპესკუმ თქვა, რომ „რესპუბლიკას სჭირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შეცვლა და უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა“.
„ჩვენ ვზრდით უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. ჩვენ მკვეთრად და ძალიან სწრაფად ვაფართოებთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც მოლდოვაში მშვიდობას უჭერენ მხარს”, – თქვა მან.
უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, პოპესკუმ განაცხადა, რომ „თავისი ქმედებებით კიევი იცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – მოლდოვასაც“.