ყოფილი მოსამართლე, მაკა გველესიანი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყოფილი მოსამართლე, მაკა გველესიანი 25 მარტს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მაკა გველესიანი დეტალურად საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მიზეზებზე და ამბობს, რომ არხმა მის მიმართ ცრუ ბრალდებები გააჟღერა.

“მსურს, გამოვეხმაურო „TV პირველის“ ეთერით, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც არის სიცრუე, ვინაიდან ჟურნალისტების მიერ გაშუქებულმა არასწორმა ინფორმაციამ არაჯანსაღი გამოხმაურება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას მე ვაწვდი საზოგადოებას და არა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ სრული სიმართლე ჩემს შესახებ და ერთი თვის განმავლობაში, რაც სიუჟეტს ამზადებდნენ, მხოლოდ ამის მოფიქრება შეძლეს. 2021 წლის თებერვალში, ჩემს ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. მალევე 2021 წლის მაისში, მოვიგეთ აშშ-ს „მწვანე ბარათი“. ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა არც მაშინ და არც ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ გამგზავრებულიყავით აშშ-ში ვიზის მიღების შემდეგ.

2022 წლის 1 ივლისს უკვე მიღებული გვქონდა ვიზები, მაგრამ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ოქტომბრის ბოლომდე ვერ შევძელით წასვლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ჩემი ყოფილი კოლეგები ინფორმირებული იყვნენ ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც ჩემი განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების შესახებ დაკმაყოფილდა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე (რომლებიც შვებულებაში გასვლამდე 2-3 დღით ადრეც ჩვეულებრივ რეჟიმში მეწერებოდა და ფიზიკურად ვერ შევძელი განხილვა) ჩემი თანაშემწის მიერ, მხარეები გაფრთხილებული იქნა ჩემი შვებულებაში ყოფნის და საქმეების განხილვის გადადების თაობაზე, რასაც ადასტურებს შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მხარეებთან გასაუბრების სატელეფონო აქტები.

შვებულების პერიოდში ვერ შევძელით ჩემი შვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ვინაიდან დაზღვევის საბუთების მოწესრიგებას და პედიატრთან კვლევას დასჭირდა დრო. პედიატრის მიმართვის საფუძველზე კი მხოლოდ 2023 წლის 3 იანვარს მოხერხდა ვიზიტის ჩანიშვნა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. ექიმთან ვიმყოფებოდით 20 იანვარსაც, ხოლო შემდეგი ვიზიტი გვაქვს 21 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნე აღნიშნული დაავადება მუდმივ სამედიცინო კონტროლსა და მკურნალობას საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ჩემი ერთჯერადი ჩამოსვლა აშშ-ში საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლიდან დღემდე არ მოიხმარდა აუცილებელ მედიკამენტებს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, რასაც ექიმის კვლევაც ადასტურებს. ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა. ჩემს განცხადებაშიც დეტალურად მაქვს განმარტებული აღნიშნული საფუძველი.

ამასთან, მინდა განვუცხადო „TV პირველის“ ჟურნალისტებს, მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ. 2022 წლის 1 ივლისიდან უკვე გვქონდა ვიზები (2015 წლიდან მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა აშშ-ს 10 წლიანი ვიზები) შვებულებაში გასვლამდე ვიხილავდი სისხლის სამართლის საქმეებს ჩვეულებრივ რეჟიმში და რამდენიმე მათგანი მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა. ასევე, სიცრუეა სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსამართლეებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. პირადად ჩემი წასვლა ქვეყნიდან არ არის დაკავშირებული ჩემს სამსახურთან და პირიქით მადლობა სასამართლოს მენეჯმენტს იმ მშვიდი და ორგანიზებული გარემოსთვის, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება ე.წ. “გახმაურებულ საქმეებს” ჩემთვის ესეთი საქმე არ არსებობდა, ვინაიდან ყველა საქმე და ყველა პირის უფლება იყო თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 16 წლის მოღვაწეობის მანძილზე, ჩემს მიერ განხილულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს” არ დაუდგენია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ჩემი მოსაზრებით, ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ სრულად იყვნენ ინფორმირებული ვიზების, ჩემი გამგზავრების მიზეზებისა და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ (რაც მათ მიერ შესწავლილი ჩემი დეკლარაციითაც დასტურდებოდა) და მიუხედავად აღნიშნულისა ცდილობდნენ ტყუილებზე აქცენტების გადატანით მათთვის სასურველი რეალობის შექმნას. მათ არ უცდიათ ჩემთან დაკავშირება. მათ ე.წ. “ინფორმატორს” ის ინფორმაციაც ექნებოდა, რომ ჩემს მეგობრებთან და ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობა კვლავ მქონდა და მათი მეშვეობით შეძლებდა ჩემთან დაკავშირებას, რაც არ გააკეთეს.

ჩემთვის მუდმივი დედობის სტატუსია, მოსამართლეობა კი დროებითი თანამდებობა (რაც არ უნდა მას კანონი უვადოს უწოდებდეს), ამიტომ მე როგორც მშობელმა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემი მოსაზრებით ყველა მშობელი მიიღებდა. სიუჟეტის ავტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სხვა პრიორიტეტები ჰქონდეთ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ეს არ აძლევს არავის უფლებას ჩაერიოს ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებებში.

პატივისცემით

მაკა გველესიანი

P. S. რაც შეეხება ჩემს უმაღლეს განათლებას და დიპლომს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ.

გვერდზე არის სარჩელი – “საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” #712. აღნიშნული მე მეკუთვნის, შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ და გაერკვევით რა იყო პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარჩელი საერთო სასამართლოების წესით სარჩელის შეტანამდე შევიტანე, ის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა (ჩემს შემდეგ შეტანილ არაერთ სარჩელს მიენიჭა უპირატესობა). იმჟამად მოქმედი კანონის თანახმად, ფიზიკურ პირს შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როდესაც მისი უფლებები იყო შელახული და შესაბამისად, გააჩნდა სამართლებრივი დავა. საერთო სასამართლოების წესით უფლებების აღდგენის შემდეგ, ვინაიდან აღარ გამაჩნდა სამართლებრივი საფუძველი, უარი განვაცხადე აღნიშნული სარჩელის განხილვაზე”, – ნათქვამია გველესიანის განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები