“ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის”- ზელენსკიმ დუდასთან საუბარი შეაჯამა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარი გამართა და „მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის მომზადება“ განიხილა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
ზელენსკის თქმით, დუდას საომარი მოქმედებების მიმდინარეობის და ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზიდენტებმა ასევე უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და უახლოეს მომავალში ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს.
„ჩვენ ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, – შეაჯამა ზელენსკიმ დუდასთან საუბარი.
16 მარტს ანჯეი დუდამ გამოაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას უახლოეს დროში ოთხ MiG-29-ს გადასცემს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი გამანადგურებლის გადაცემას აპირებს ვარშავა.
27 მარტს გახდა ცნობილი, რომ ბერლინმა კიევს დაპირებული ტანკები გადასცა.