ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლო რეფორმის განხილვა გადადო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს, რომელიც მაისში გაიმართება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისრაელის საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობა და სადავო საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილი გახდა.
როგორც ისრაელის პრემიერმა მოსახლეობისადმი მიმართვისას აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს „ექსტრემისტული უმცირესობა“, რომელიც მზად არის, ერი გაყოს, ემუქრება საზოგადო მოღვაწეებს და მათ სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს.
„როდესაც არსებობს სამოქალაქო ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა დიალოგის გზით, მე, როგორც პრემიერი, დიალოგისთვის ვიყენებ ტაიმ-აუტს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ.