“ქართველ ხალხს სულში გვაფურთხებენ – სირცხვილია, მიხეილ სააკაშვილს აძლევდე ჯილდოს ადამიანის უფლებათა დაცვისთვის” – ნორვეგიის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა

ნორვეგიის საელჩოსთან ხვალ აქცია დაანონსდა. ინიციატორი სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილია.

მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებას ქართველი ხალხის მოტყუებად აფასებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასჯელი სიცოცხლის ბოლომდე უნდა მოიხადოს.

“სულხან მოლაშვილის განაჩენში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაარღვია სულხან მოლაშვილის უფლებები. ათიათასობით ადამიანია საქართველოში, ვისი პირადი უფლებებიც დაარღვია მიხეილ სააკაშვილმა. მან დემოკრატია ფაქტობრივად დაღუპა საქართველოში. გაიხსენეთ რამდენი ტელევიზია დაიხურა საქართველოში და ამ პიროვნებას ჯილდოს აძლევენ ჩვენი ნორვეგიელი მეგობრები. იცით, რაშია საქმე – ქართველ ხალხს სულში გვაფურთხებენ. სირცხვილია, მიხეილ სააკაშვილს აძლევდე ჯილდოს ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის განვითარებისთვის. ჩალითაა ქვეყანა დახურული თუ რა ხდება ვერ გავიგე,” – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემის გადაწყვეტილება ნორვეგიაში მიიღეს. სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოს შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები