ისრაელის ჯანდაცვის სისტემა, პროტესტის ნიშნად, მუშაობას შეაჩერებს
ისრაელის ჯანდაცვის სისტემა, პროტესტის ნიშნად, მუშაობას შეაჩერებს, – ამის შესახებ ექიმთა კავშირში განაცხადეს, – წერს გაზეთი Haaretz.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან, 28 მარტიდან შევა და ძალაში სასამართლო რეფორმის შეჩერებამდე იქნება.
გარდა ამისა, ისრაელის პროფკავშირების გენერალური ფედერაციის ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დევიდმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საყოველთაო გაფიცვაც გამოცხადდეს.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია, რათა „ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს“.
ისრაელში უკვე მესამე თვეა, სახალხო პროტესტი არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობამ უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა გადაწყვიტა. ამჟამინდელი კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს პარლამენტის გადაწყვეტილების ბლოკირება შეუძლია, თუ მათ არაკანონიერად ცნობს. შეთავაზებული ცვლილებები ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვეტო შეიძლება, გადაილახოს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით – 61 ხმით.
ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც ქნესეთში მანდატების უმრავლესობა აქვს, შეძლებს, თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი.
კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. ნეთანიაჰუ კი პირიქით, არსებულ ვითარებას “ანტიდემოკრატიულს” უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.
რეფორმის შეჩერებისკენ 25 მარტს ნეთანიაჰუს თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა მიმართა, რომელიც თანამდებობიდან მეორე დღეს, 26 მარტს გაათავისუფლეს.
დღეს ამავე მოწოდებით ისრაელის პრეზიდენტიც გამოვიდა.
ცნობილია, რომ დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუ ხალხს მიმართავს.