ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდებს – ნეთანიაჰუ ხალხისადმი მიმართვას ამზადებს

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ქვეყნის მთავრობას სასამართლო რეფორმის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.

„ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი“, – თქვა მან.

ჰერცოგის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება, ეკონომიკა და თავად საზოგადოება საფრთხეშია.

მან სამთავრობო კოალიციას და ოპოზიციას პასუხისმგებლობისა და სიბრძნის გამოვლენისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ხალხს სიტყვით მიმართავს.

ისრაელში უკვე მესამე თვეა, სახალხო პროტესტი არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობამ უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა გადაწყვიტა. ამჟამინდელი კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს პარლამენტის გადაწყვეტილების ბლოკირება შეუძლია, თუ მათ არაკანონიერად ცნობს. შეთავაზებული ცვლილებები ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვეტო შეიძლება, გადაილახოს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით – 61 ხმით.

ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც ქნესეთში მანდატების უმრავლესობა აქვს, შეძლებს, თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. ნეთანიაჰუ კი პირიქით, არსებულ ვითარებას “ანტიდემოკრატიულს” უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები