უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ნოვა კახოვკა დატოვეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა კახოვკა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 22 მარტის მდგომარეობით „ოკუპანტების არმიის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებულ პუნქტში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც სამხრეთ ნაწილში მოქმედებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტს ინარჩუნებს, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც შტაბში აცხადებენ, ოკუპანტების მიერ ქალაქის დატოვებას მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვა უძღოდა წინ. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკის, ძვირფასეულობების, ტანსაცმლისა და მობილური ტელეფონების „კონფისკაცია“ მოახდინეს.
ასევე, ცნობილია, რომ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა პროუკრაინული პოზიციების მქონე მოქალაქეების ძებნა დაიწყეს. ამისთვის ისინი დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეების, სამხედრო პენსიონერების და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირების სიებს იყენებენ.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ახლა თავდაცვით ოპერაციებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ატარებს.