“ამის სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს” – ჰააგის ორდერის მიუხედავად, უნგრეთი პუტინის დაკავებას არ აპირებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის მიუხედავად, უნგრეთი მის დაკავებას არ აპირებს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
გუიაშმა აღნიშნა, რომ, უნგრეთის სამართლებრივი სისტემის თანახმად, ბუდაპეშტს რუსეთის პრეზიდენტის დასაპატიმრებლად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, თუმცა, უნგრეთმა ხელი მოაწერა და მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება.
კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში, მან თქვა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.
ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ მის განსახორციელებლად კანონმდებლობა არ შეცვალა.
გუიაშმა ასევე დასძინა, რომ უნგრეთის მთავრობას პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით პოზიცია არ ჩამოუყალიბებია, მაგრამ ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
“ეს გადაწყვეტილებები არ არის ყველაზე წარმატებული, რადგან ისინი იწვევს შემდგომ ესკალაციას და არა – მშვიდობას, ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია”, – დასძინა გუიაშმა.