მოსკოვი კიშინიოვს აფრთხილებს
იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ანტირუსულ სანქციებს შეუერთდება, მოსკოვი იძულებული იქნება, შესაბამისი ზომები მიიღოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
მოლდოვის ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა, ნიკოლაე პოპესკუმ განაცხადა, რომ კიშინიოვი გეგმავს, შეუერთდეს დამატებით შემაკავებელ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის წინააღმდეგ შემოიღო.
ზახაროვას თქმით, „როგორც იცით, თავის დროზე ევროკავშირის ეს ნაბიჯები საპასუხო რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. თუ ოფიციალური კიშინიოვი შეუერთდება ამ შეზღუდვებს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მივიღოთ ადეკვატური საპასუხო ზომები მოლდოვურ მხარესთან მიმართებაში. მსურს, გავუსვა ხაზი, რომ ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ეს იქნება პასუხი არამეგობრულ ნაბიჯებზე“.