ჰააგის სასამართლო მედვედევის მუქარას და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ საქმის აღძვრას პასუხობს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მუქარას და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ გახსნილ საქმეს “მართლმსაჯულების საქმეში ჩარევა” უწოდა.
ამის შესახებ ICC-ის განცხადებაშია ნათქვამი.
“ასამბლეა გმობს ამ მცდელობებს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას, რომელიც მიმართულია ზოგადი საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სასამართლო, მისი არჩეული თანამდებობის პირები და თანამშრომლები სარგებლობენ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის ძლიერი მხარდაჭერით.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ ნდობას სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, დავიცვათ რომის სტატუტში გათვალისწინებული პრინციპები და ღირებულებები და შევინარჩუნოთ მისი მთლიანობა ყოველგვარი საფრთხის მიუხედავად.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო განასახიერებს ჩვენს კოლექტიურ ვალდებულებას, ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებისთვის დაუსჯელობის განცდას. როგორც უკანასკნელი ინსტანცია, სასამართლო ავსებს ეროვნულ იურისდიქციას. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ბავშთა ომბუდსმენის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, დიმიტრი მედვედევი მოსამართლეებს და პროკურორს ჰიპერბგერითი რაკეტით დაემუქრა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი მოსამართლეების და პროკურორის წინააღმდეგ თავად აღძრა სისხლის სამართლის საქმე.