რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინის ეკონომიკის აღდგენას, სულ მცირე, 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც სავარაუდოდ 2,6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მშპ-ს.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის ახალ ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში ასახავს უკრაინაში ინფრასტრუქტურისა და შენობების პირდაპირ დაზიანებას; ომის გავლენას ხალხის სიცოცხლესა და საარსებო წყაროზე და ზიანის გამოსწორების ხარჯებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასება მკვეთრად გაზრდილია გასული წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით. მაშინ ზარალი 349 მილიარდ დოლარად შეფასდა.
როგორც უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა მსოფლიო ბანკის ანგარიშის კომენტირებისას თქვა, „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული განაღმვა – არის ამ წლისთვის ჩვენი ხუთი პრიორიტეტი“.
შმიგალმა აღნიშნა, რომ ანგარიშში არ ასახავს იმ ზარალს, რომელიც მიყენებულია დროებით ოკუპაციაში მყოფ ტერიტორიებისთვის.
საჭიროებების სწრაფი შეფასების მიხედვით, უკრაინას წელს 14 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
ამ საჭიროებების, დაახლოებით, 22% ტრანსპორტს, 17% საცხოვრებელს, 11% სოფლის მეურნეობას და 7% ენერგეტიკის სფეროს მოხმარდება.