“პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე ბევრად ადრე მიხვდა კიევი, რომ კრემლის ლიდერთან საუბარს აზრი არ აქვს.
ამის შესახებ მან Politico-ს განუცხადა.
”ICC-ის მიერ დაკავების ორდერის გაცემამდე ვიცოდით, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. გასული წლის 30 სექტემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომ, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინთან რაიმე მოლაპარაკების წარმართვა შეუძლებელია“, – თქვა პოლიტიკოსმა.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეას არ უარყოფს.
მისი თქმით, “უკრაინამ 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და რუსეთის შემოჭრამდე, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მოლაპარაკებების 88 რაუნდი გამართა”.
კულებამ დასძინა, რომ “კიევი საერთო ენის გამოძებნას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ”.
„სანაცვლოდ, რუსეთმა გააძლიერა თავისი სასტიკი თავდასხმები და გამოაცხადა უკრაინის ახალი ტერიტორიების ანექსიის გეგმები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცხადყო, რომ თუ პუტინი გააგრძელებს ამ ანექსიის მცდელობას, მასთან საუბარი შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.