რუსებს და ბელარუსებს ლიეტუვაში, სავარაუდოდ, მოქალაქეობის მიღება, ასევე – უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ

ლიეტუვის სეიმმა, პირველი მოსმენით, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღებას, ასევე, მათთვის უძრავი ქონების გაყიდვას კრძალავს.

ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

იგეგმება საერთაშორისო სანქციების შესახებ კანონში ახალი თავის დამატება, რომელიც კანონმდებლობით დაარეგულირებს შემაკავებელი ზომების დაწესებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებსა და ევროკავშირის კანონმდებლობას.

როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუპსიენემ თქვა, „რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს თავისი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს. ისინი არ იღებენ ზომებს აგრესიის შესაჩერებლად, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ ქვეყნების მოქალაქეებსაც ეკისრებათ. მათი ქცევის შესაცვლელად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ლიეტუვაში და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია, დაწესდეს შემაკავებელი ზომები“.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაცხადის წარდგენის დროს შუამავალი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროა.

გარდა ამისა, კანონის მიღების შემთხვევაში, შეჩერდება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების განაცხადების მიღება ლიეტუვის მოქალაქეობის მისაღებად.

ასევე, შეთავაზებულია რუსეთის მოქალაქეებისა და მათ მიერ დაფუძნებული ან კონტროლირებადი იურიდიული პირებისთვის ლიეტუვის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რუსეთის მოქალაქეზე ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს გაცემული.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეების ინდივიდუალური შემოწმების გაძლიერებას ევროკავშირის გავლით ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები