ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესის მნიშვნელობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში.

იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, მასში საქართველოს ჩართულობას და იმპლემენტაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები