უნგრეთმა პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, უნგრეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება დაბლოკა.
ამის შესახებ Index-ს უნგრეთის მთავრობაში განუცხადეს.
აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტს პუტინის დაკავების ორდერზე ვეტო არ დაუდია, არამედ “მხოლოდ წინააღმდეგია რეზოლუციის, რომლის გაკეთებას ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის ყველა წევრის სახელით აპირებდა”.
“ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ პროტესტი გამოთქვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
20 მარტს ჟოზეფ ბორელმა განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა, რომელშიც „მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება“.
გარდა ამისა, ამავე დღეს, ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რასაც უნგრეთმა ასევე ხელი არ მოაწერა.