„თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა“
თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა, ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა “სითი პარკის” ხელმძღვანელობას მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე.
ელისაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს მერიასთან კონტრაქტის შეწყვეტა და საქართველოდან თავისი ნებით წასვლა ურჩია.
“კომიკური და ამავე დროს ტრაგიკულია, რასაც ახლა ვუყურებთ. კომპანია, რომელიც პარკირების კუთხით თბილისში 7 წელია ოპერირებს, დღეს პირველად ჩნდება. ციფრებსაც, სად რა გადაირიცხა, 7 წლის თავზე პირველად ვიგებთ მაშინ, როცა ამ წლების განმავლობაში ის ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს – თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით. ჩემი ინფორმაციით, თქვენი კომპანია კორუფციულ გარიგებაში იყო მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან და შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. თქვენ ჩავარდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გირჩევთ, ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, უბრალოდ თქვით უარი და წაბრძანდით. შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ შეირგებთ ნაძარცვს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილს “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა უპასუხა და საკრებულოს წევრს მოუწოდა, კომპანია პატივისცემით მოეხსენიებინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰივმა ელისაშვილს მოუწოდა, რომ კომპანია პატივისცემით მოეხსენიებინა.