კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის” პროექტზე იმსჯელეს

„თავდაცვის კოდექსის” მომზადების მნიშვნელობაზე და მისგან გამომდინარე თავდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მომხსენებლის განცხადებით, კოდექსი, რომელიც 9 საკანონმდებლო აქტს და 4 კანონქვემდებარე აქტს აერთიანებს, თავდაცვის სისტემაში ბევრ ახალ მიდგომას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. მისივე თქმით, პროექტის მომზადებისას დოკუმენტის ავტორებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების და ფინეთის მოდელები შეისწავლეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება კოდექსის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს. მისი ინფორმაციით, 2024 წლიდან წვევამდელთა გაწვევა, მათი აღრიცხვა და სხვა საორგანიზაციო საკითხები მთლიანად თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის ქვეშ გაერთიანება და ასევე, სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში იქნება შესაძლებელი.

„წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღებით, სახელმწიფოს მიზანია მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა გადამზადდეს, მომზადდეს და მიეცეს შესაბამისი მომზადება და განათლება, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის და სამშობლოს დაცვა”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, „თავისი შინაარსით წარმოდგენილი დოკუმენტი ისტორიული მოვლენაა თავდაცვის სისტემისთვის, რომელიც სრულად ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპებს”. კითხვა-პასუხის და მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები