თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან პიერმა განაცხადა.
„ერთი წლის წინ, ეს ჯგუფი გაერთიანდა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, რათა პუტინისთვის და მისი ახლოს წრისთვის უპრეცედენტო საფასური დაეკისრებინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
მან მადლობა გადაუხადა იაპონიას, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა და რომელმაც დამატებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაიღო. მისი თქმით, ტოკიო „ურყევი მოკავშირეა“ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ.
„G7 რუსეთისთვის ჩვენი ძლიერი და ერთიანი პასუხის საყრდენი გახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.