მეცნიერები: სტამბოლში 2030 წლამდე 7,7-მდე მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი, რასაც, სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლი მოჰყვება
სტამბოლის მერიის მიწისძვრების საკითხებში მეცნიერთა საბჭოს წევრმა, სეისმოლოგიის პროფესირმა, ჰალუქ ეიდოგანმა თქვა, რომ მარმარილოს ზღვის რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრა, რომელსაც მეცნიერები რამდენიმე წელია – წინასწარმეტყველებენ, ემუქრება არა მხოლოდ სტამბოლს, არამედ კიდევ ექვს პროვინციას, რომელთა საერთო მოსახლეობა 25 მილიონზე მეტი ადამიანია.
ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.
მისი თქმით, “მიწისძვრის რისკი ზოგადად მაღალია, რადგან ჩრდილოეთ ანატოლიის რღვევის ერთ-ერთი განშტოება მარმარილოს ზღვაში ზუსტად სტამბოლის სანაპიროსთან გადის”.
სტამბოლის მერიის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც 2008 წელს გახდა ცნობილი, 2030 წლისთვის სტამბოლში 7,5-7,7 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი. მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა შესაძლოა, 70-დან 90 ათასამდე მერყეობდეს, 1 მილიონზე მეტი ადამიანი შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სტამბოლის მერიამ რისკის ზონაში მყოფი შენობების დემონტაჟი დაიწყო.
პირველ ეტაპზე, მოხდება 318 შენობის დანგრევა, რომელთა რღვევა ყოველ წუთს არის მოსალოდნელია.
მომდევნო ეტაპებზე მოხდება მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფი შენობების აღება, რომელთა რაოდენობა ათასს აღემატება.