აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის საკითხებში აშშ-ის საელჩოს ატაშეს მოუსმინეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ატაშემ სოფლის მეურნეობის საკითხებში ქრისტინ მუმამ წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამების და სამომავლო გეგმების შესახებ.
„ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან სურსათის უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით. დაახლოებით 180 ქვეყანასთან გვაქვს კავშირები, მათ შორის საქართველოსთან და ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებზე და მრავალმხრივი შეთანხმებების და თანამშრომლობის მიმართულებით“, – აღნიშნა ქრისტინ მუმამ.
მისი თქმით, განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს სავაჭრო პოლიტიკაზე მუშაობა, ბაზრის განვითარება და ექსპორტის მხარდაჭერა, ბაზრების კვლევა და ანალიზი, სასურსათო უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება.
ქრისტინ მუმას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკვების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და, შესაბამისად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამებიც ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება. მისი ინფორმაციით, დღეისათვის USDA საქართველოში პროგრამებს ხუთი ძირითადი სფეროს მიმართულებით ახორციელებს, როგორიცაა სურსათი პროგრესისათვის; კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა; სასწავლო/გაცვლითი პროგრამები; ხორბლის სექტორის გაძლიერება; ექსპორტის საკრედიტო და ინფრასტრუქტურის საგარანტიო პროგრამები.
„ჩვენ ვართ სწორედ ის ხელისუფლება, რომელმაც გადადგა ნაბიჯები და სერიოზულად მიუდგა სოფლის მეურნეობის განვითარებას. თვალსაჩინოა ის პროგრესი, რაც არის სოფლის მეურნეობაში, რაც სწორედ თქვენი მეშვეობით და დახმარებით განვახორციელეთ. ძალიან ბევრი პროგრამა გაკეთდა და დღესაც მიმდინარეობს. ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. მოგეხსენებათ სასურსათო უზრუნველყოფა, სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია თითოეული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში თუკი კლიმატურ ცვლილებებს და რისკებსაც გავითვალისწინებთ. ამიტომ ყოველი ასეთი დახმარება, განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, როგორიც ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატებია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.
სხდომას კომიტეტის წევრების გარდა ასევე ესწრებოდნენ კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სამეცნიერო წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.