ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტის პირობებში, პუტინი სამხედროების მხარდასაჭერ ფონდს ქმნის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში შეიქმნება სამხედროების ოჯახების მხარდასაჭერი სახელმწიფო ფონდი.
ამის შესახებ მან ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში თქვა.
პუტინის თქმით, თითოეულ სამხედროს გამოეყოფა სოციალური მუშაკი, ხოლო ფონდის სტრუქტურები ყველა რეგიონში უკვე წელს უნდა გამოჩნდეს.
ფონდის საქმიანობა იქნება სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა, მათი შვილების განათლება, დასაქმება და გადაკვალიფიცირება.
როგორც BBC წერს, უცნობია, საიდან უნდა დაფინანსდეს აღნიშნული ფონდი, მაშინ როდესაც იანვარში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ 1,8 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.
აღნიშნულია, რომ თებერვლის წინასწარი მონაცემები კიდევ უფრო უარესია. 16 თებერვლის მდგომარეობით, ბიუჯეტის ხარჯებმა 4,9 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო შემოსავლები – ერთ ტრილიონზე ნაკლები.
ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის ორჯერ აღემატება იანვრის მაჩვენებელს.