საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კონცეფცია, რომელიც ქალების ეკონომიკაში ჩართულობას უკავშირდება, ერთ-ერთმა ინიციატორმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა განსახილველად.

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ეს მიიღწევა შემოსავლების უთანასწორობის დაძლევით და ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით, რასაც მოაქვს ეკონომიკური მდგრადობა. კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის უფლების განმტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, ამავდროულად კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას. კონცეფციაში წარმოდგენილია სახელმწიფოს ხედვა ქალთა სიღარიბის დაძლევისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ამოსავალი წერტილია ტრანსფორმაცია ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესება და ა.შ. მომხსენებლის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა სიღარიბის დაძლევას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს მრავალპარტიულ დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები