დავით სერგეენკო დღეიდან სოფლის ექიმებთან შეხვედრებს იწყებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეიდან რეგიონებში სოფლის ექიმებთან და კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრი რეგიონების სოფლის ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს რეგიონალურ ცენტრებში შეხვდება და 1-ელი სექტემბრიდან რეცეპტის გაცემის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სიახლეებს გააცნობს. ამ მიზნით დღეს, 15:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ექიმებთან პირველ შეხვედრას ოზურგეთის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” დარბაზში გამართავს. 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში, კინოთეატრ “ატრიუმში” სამეგრელო-ზემო სვანეთის ექიმებს შეხვდება. 23 აგვისტოს, 12:00 საათზე კი სერგეენკო ექიმებს ბათუმის უნივერსიტეტის დარბაზში შეხვდება. 24 აგვისტოს მინისტრი ბათუმში “ჩემი ოჯახის” კლინიკას ეწვევა და იქ შეხვდება რეგიონის ექიმებს. 25 აგვისტოს კი დღის მეორე ნახევარში ქუთაისში, კლინიკა LG-ში იმერეთის რეგიონის სოფლისა და კლინიკების ექიმებთან გამართავს შეხვედრას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოში მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამავე თემაზე რეგიონების ექიმებს შეხვდებიან. კერძოდ, 22 აგვისტოს დაგეგმილია გაიოზ თალაკვაძის შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექიმებთან. იმავე დღეს მარიამ ჯაში კახეთში ჩაატარებს შეხვედრებს, შიდა ქართლში კი ექიმებს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე შეხვდება. 23 აგვისტოს ქვემო ქართლში ექიმებს მარიამ ჯაში შეხვდება, 26 აგვისტოს კი იგი რაჭაში გამართავს შეხვედრებს. 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთში რეგიონის ექიმებთან შეხვედრას დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები