დევდორაკის ხეობაში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
დევდორაკის ხეობაში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დილის 4 საათიდან დაიწყო. მოეწყო დამცავი დამბა, რომელმაც საავტომობილო გზაზე მდინარე თერგის შემოდინება შეაჩერა. უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება.
სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკის მობილიზება გრძელდება. ამ დროისათვის ადგილზე რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, დღის განმავლობაში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
დევდორაკის ხეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და სხვა კომპეტენტური პირები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც აკვირდებიან. ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება. დამეწყრილ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.