დავით ქართველიშვილი: „მოდერნიზებული” პროექტები – „ახლები”, „გახარია გერმანიისთვის” და „ლელო” ცდილობენ ზედაპირზე ტივტივს მხოლოდ მედიური ხილვადობის შენარჩენებით

„საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობს ოპოზიციური ამომრჩეველი (და ჩვენ მათ ვულოცავთ მათი პოლიტიკური “აქტიურობის” უკანასკნელი წელიწადის დადგომას), რომელსაც მოუწევს ჭეშმარიტებასთან შეგუება – მათი პარტიები ვერ ახერხებენ საკუთარი ელექტორატის მხარდაჭერის გარდაქმნას ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალაში,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ინსტიტუციურ რეგრესშია, რაც მას შიგნიდან ანგრევს.

„სანამ ნაცსექტა აგრძელებს თავის ვირტუალურ მოგზაურობას მარშრუტით: ბანგლადეში – ნეპალი – ვენესუელა (რუსთაველის გამზირის გავლით), ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ემზადება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე პირველი სხდომის ჩასატარებლად – მივულოცოთ მათ ერთგულ ამომრჩეველს დამდეგი შობა/ახალი წელი და მათი პოლიტიკური აქტიურობის უკანასკნელი წელიწადის დადგომა.

ამომრჩეველს მაინც მივულოცოთ, თორემ სახეზე სარკის მიდებისას, თვით პარტიებს, არც სუნთქვის კვალი შეენიშნებათ და არც რაიმე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის დინამიკა. შეინიშნება, გახანგრძლივებული რეგრესი და ორგანიზაციული კომა.

ამ დროს, პოლიტიკური პარტიის აქტიურობა იზომება რეგიონული ქსელის გაფართოებით, ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნით, ახალი წევრების მოზიდვითა და პროტესტის პრაქტიკულ შედეგში გარდაქმნის უნარით.

ამ კრიტერიუმებით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სტაგნაციას ან მარგინალიზაციას განიცდის. ვერც “ენმ” აფართოებს ელექტორალურ ბაზას, კარგავს კადრებს და აღარ ასრულებს ოპოზიციის გამაერთიანებელ როლს. ეს არაა დროებითი ვარდნა, არამედ გულისამრევი ბრენდის სისტემური გაცვეთა. „მოდერნიზებული” პროექტები – „ახლები”, „გახარია გერმანიისთვის” და „ლელო” ცდილობენ ზედაპირზე ტივტივს მხოლოდ მედიური ხილვადობის შენარჩენებით. ამავდროულად ვერ ქმნიან მდგრად პარტიულ ინფრასტრუქტურას რეგიონებში და ამ ზედაპირზე ტივტივით, იმ სუბსტანციას გვანან, წყალში რომ არ იძირება.

საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობს ოპოზიციური ამომრჩეველი (და ჩვენ მათ ვულოცავთ მათი პოლიტიკური “აქტიურობის” უკანასკნელი წელიწადის დადგომას), რომელსაც მოუწევს ჭეშმარიტებასთან შეგუება – მათი პარტიები ვერ ახერხებენ საკუთარი ელექტორატის მხარდაჭერის გარდაქმნას ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალაში. პრობლემა არა მათი შესაძლო კონსტიტუციური აკრძალვის მოლოდინშია, არამედ ინსტიტუციურ რეგრესში, რომელიც “ოპოზიციას” შიგნიდან ანგრევს. ბოლოს კი, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რომ არა მათი თითქმის 25 წლიანი მავლებლობა, დღეს ჩვენი სახელმწიფო განვითარების გზას არ აირჩევდა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები