ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით
„ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„კომისია თავის დროზე შექმნილი იყო სწორედ იმისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე, წმინდა სამართლებრივი დასკვნები გაეკეთებინა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. თუმცა, საქართველოს მაგალითზე ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით იყო შემოფარგლული და მათ მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარკვეულწილად, ეს ყველაფერი სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგია, რაც მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურაში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, 66 ორგანიზაციას მხარდაჭერა შეუჩერა. მათ შორის ამერიკამ დატოვა ვენეციის კომისია. დონალდ ტრამპმა მას „უსარგებლო ორგანიზაცია” უწოდა.