შალვა პაპუაშვილი: სამარცხვინოა, როდესაც ხაზარაძის კარის ტელევიზია ამართლებს ადამიანების დაწვას
„სამარცხვინოა, როდესაც ხაზარაძის კარის ტელევიზია ამართლებს ადამიანების დაწვას,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ცეცხლაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გრიგორიადისი გმირად აქციეს, ევროკავშირმა აფინანსა მისი გამოსახულებიანი ბანერები, რომ წაეხალისებინა საქართველოში მოლოტოვის კოქტეილი.
„სამარცხვინოა, როდესაც ხაზარაძის კარის ტელევიზია ამართლებს ადამიანების დაწვას. რაც შეეხება ამ განცხადებას, რომ არაფერი არსებობს. იცით რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეს ადამიანი? პირველი – გასდის იმ ტელევიზიაში, სადაც ეს განცხადება გააკეთა. იცის, რომ ჟურნალისტი არ ამხელს ამ ტყუილს, იმიტომ რომ ეს შეთანხმებული ნარატივია, რომელიც უნდა გაატარონ და მეორე – მას აქვს უცხოეთიდან ზურგი. დაატარებენ ერთი საელჩოდან მეორეში და დიდის ამბით უნდათ, რომ გმირებად გამოიყვანონ. უნდათ რომ დანაშაული მოგვყიდონ, როგორც სათნო ქცევა ან საერთოდ დამალონ ეს ყველაფერი.
„გრიგორიადისი გმირად აქციეს, ევროკავშირმა აფინანსა მისი გამოსახულებიანი ბანერები, რომ წაეხალისებინა საქართველოში მოლოტოვის კოქტეილი. ევროკავშირის დაფინანსებით წახალისდა „მოლოტოვის კოქტეილები“ და მთელი კამპანია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. დღემდე არ იკადრა ბრიუსელმა და მისმა ელჩმა, რომ ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას აფინანსებდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, „ანტიკრიზისული პლატფორმის“ წევრმა ზურაბ ცეცხლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არ ყოფილა და დაშავებული სამართალდამცველები არ არსებობენ.