“ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ღრმა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი, ამის შემდეგ, არ შეიძლება, გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხიც არ დადგეს” – ჯემალ გამახარია

“ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ღრმა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. ყოველივე ამის შემდეგ, არ შეიძლება გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხიც არ დადგეს”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე განაცხადა.

გამახარიამ საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2022 წელს გაწეული და 2023 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„განვლილი თვეები ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ხასიათის მოვლენებით, საომარი მოქმედებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე, პირველ რიგში, საყოველთაო უსაფრთხოებაზე, მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება – ჩვენს თვალწინ ახალი რეალობა ყალიბდება. ამასთანავე, წინასწარ არავინ იცის როდის ჩამოყალიბდება და საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი რეალობა. ასეთია ზოგადი ვითარება, რომელშიც საქმიანობა გვიხდება. 2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდშიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, დიდი ალბათობით, ამგვარ, ჯერ ბოლომდე გაურკვეველ, მაგრამ იმედებით, ოპტიმისტური მოლოდინებით აღსავსე ვითარებაში წარიმართება. ოპტიმისტური მოლოდინები კი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ცივილიზებული სამყაროს სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას უკავშირდება. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა აგრესორის სრული კრახით დასრულდება. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევდა და მომავალშიც გაუწევს უკრაინას. უმაღლესი საბჭოს სახელით, უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ ომის გამარჯვებით დასრულებას, ქვეყანაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებას.

არც ჩვენს უშუალო სამეზობლოში სუფევს მყარი მშვიდობა – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, მოვლენების განვითარების დინამიკა, აღნიშნული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოგვარების პროცესი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ფინალურ ეტაპს უახლოვდება. ამასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს რუსეთის სამხედრო ყოფნის საკითხიც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკაში. ერთი სიტყვით, ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ღრმა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. ყოველივე ამის შემდეგ, არ შეიძლება გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში არ დადგეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხიც… წელს უნდა გადაწყდეს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს სრულდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ე. წ. აღიარებიდან 15, აფხაზეთის დაცემიდან და მასთან დაკავშირებული ტრაგედიიდან კი – 30 წელი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები