საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს
2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება.
აღნიშნულ პერიოდში, სამართალდარღვევათა ფაქტები 16 დაცულ ტერიტორიაზე იქნა გამოვლენილი, ესენია: ბორჯომ-ხარაგაულის, მარტვილისა და ოკაცეს, კოლხეთის, აჯამეთის, ჭაჭუნას, ალგეთის, ლაგოდეხის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, მარიამჯვრის, თუშეთის, მტირალას, კვერეთის, გურიის, ბაწარა-ბაბანეურისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ჩვენი ქვეყნის ბუნებას იცავს.
ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.