ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134 კმ-ზე ღვარცოფული გამონატანის შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
“პირველადი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა. ცუდი ხილვადობის გამო ამ ეტაპზე, შუძლებელია განისაზღვროს, ჩამონაშალის რაოდენობა და შემადგენლობა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თერგის დაგუბების საშიშროება არ არსებობს, რადგან მდინარემ თავისით იპოვა დროებით კალაპოტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებოდ მოაწყო.
არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები