უკრაინამ ირანთან შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს
უკრაინა მზად არის, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ნებისმიერ დროს გაწყვიტოს, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ BBC News Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ირანი „ზღვარს გადავიდა“, როდესაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად დრონების მიწოდებაზე თანხმობა უთხრა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტს თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინადადება წარუდგინა.
„ჩვენი სიგნალი ირანისთვის არის ის, რომ რაც არ უნდა მომგებიანი მოგეჩვენოთ რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობა, გარწმუნებთ, რომ ამ თანამშრომლობის უარყოფითი შედეგები, ბევრჯერ გადააჭარბებს ნებისმიერ სარგებელს“, – განაცხადა კულებამ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა „ნებისმიერ მომენტში იყოს მიღებული, ირანის შემდგომი მოქმედების შესაბამისად“.
ამასთან, უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისთვის უცნობია, ვინ დგას ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უკან.
„ირანისთვის ისტორიულად ბოროტება არ გაგვიკეთებია”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.