კიევში დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება
კიევში დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება.
სამიტის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, რუსეთთან კონფლიქტში კიევის დახმარებას, ასევე, რეგიონში მშვიდობის გზებს.
კიევში უკვე იმყოფებიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის წევრების უმეტესობა.
სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი სესიის გამართვა. მათგან პირველზე განიხილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემა. მეორე სესია დაეთმობა უკრაინის სამხედრო დახმარების თემას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ კონტექსტში განიხილება სანქციების მეათე პაკეტი.
სამიტის დღის წესრიგშია ასევე ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი თავდაცვის, ფინანსური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე იქნება განხილული, არის შესაძლო სამშვიდობო პროცესი.
ევროკავშირი მხარს უჭერს 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა.