NYT: უკრაინის წინააღმდეგ ომში 200 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

უკრაინის წინააღმდეგ ომის 11 თვის განმავლობაში, 200 ათასამდე რუსი სამხედროა დაღუპული და დაჭრილი.

ამის შესახებ The New York Times-ი ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

„სულ რაღაც 11 თვეში ეს დანაკარგები 8-ჯერ აღემატება ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ამერიკის დანაკარგებს“, – ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულია, რომ საოკუპაციო არმიამ განსაკუთრებით დიდი დანაკარგი განიცადა ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლებში.

ამასთან, “რუსი ანალიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ადამიანური მსხვერპლი პუტინისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდეს”.

“ომი იმ ბრძოლის ტიპის არის, რომელსაც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროს წააწყდა, როდესაც დაიღუპა 8 მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი. პუტინი მზად არის ასობით ათასი მსხვერპლისთვის უკრაინაში, თუმცა, დიდი რაოდენობის მსხვერპლი, სავარაუდოდ, შეარყევს მის პოლიტიკურ მხარდაჭერას”, – ნათქვამია მასალაში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, 129,030 რუსი სამხედროა დაღუპული.

დამოუკიდებელი პროექტის – Oryx-ის დამკვირვებლების გათვლით, შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა ტექნიკის 9000-ზე მეტი ერთეული დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები