“112” მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატურს მართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-ის დეპარტამენტი 20-21 აგვისტოს, კაჭრეთში, მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატურს მართავს. მედიატურში ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
როგორც “112”-ში აცხადებენ, მედიატურის ჩატარების მიზანია, ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ და “112”-ის წარმომადგენლებისაგან გაეცნონ დასრულებულ, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს.
მედიატურის ფარგლებში განიხილავენ ჟურნალისტებისთვის საინტერესო ყველა საკითხს, მათ გააცნობენ “112”-ის მუშაობის სპეციფიკას, 2013-2014 წლის სტატისტიკას, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდის და მოქალაქეთათვის უკეთესესი სერვისის შეთავაზების კუთხით. ასევე შეიტყობენ, რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.
“112”-ის წარმომადგენლების მიერ ორი დღის განმავლობაში ჩატარდება პრეზენტაციები ცენტრისთვის აქტუალურ თემებზე და მედიის წარმომადგენლები მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს. “112” სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მსგავსი მედიატურის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს “, – აცხადებენ “112”-ში.