ჰააგაში, უკრაინაში აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰააგაში, უკრაინაში დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მტკიცებულებების შეგროვებას და ინტეგრირებული იქნება საერთო საგამოძიებო ჯგუფში.
ამის შესახებ მან კიევში, პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი სასამართლოებში ჩადენილ დანაშაულებზე.
ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ უკრაინისა და ევროკავშირის პროკურორები უკვე ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს. როგორც პირველი ნაბიჯი, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჰააგაში შეიქმნება უკრაინაში აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი. ეს ცენტრი კოორდინაციას გაუწევს მტკიცებულებების შეგროვებას. ის იქნება ინტეგრირებული ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი სააგენტო ევროიუსტი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, “ჩვენ მზად ვიქნებით ძალიან სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ევროიუსტ-თან, უკრაინასთან, ჩვენი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის პარტნიორებთან, ისევე როგორც ნიდერლანდებთან. დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი”.