“რუსული დიპლომატიის კარგად ცნობილი მუქარის რიტორიკის ნაწილია” – მოლდოვაში ლავროვს უპასუხეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვით, რუსეთში მიაჩნიათ, რომ დასავლეთი მოლდოვას “შემდეგი უკრაინის როლისთვის აკვირდება”.
როგორც მოლდოვის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, დანიელ ვოდემ თქვა, ლავროვის განცხადება “რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის რიტორიკის ნაწილია”.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებებს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება და რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის რიტორიკის ნაწილია. გვსურს, შევახსენოთ რუსულ მხარეს, რომ გზა, რომელსაც მოლდოვა მიჰყვება – არის ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს არის ქვეყნის პროექტი, რომელსაც მხარს მისი მოქალაქეები უჭერენ“, – განაცხადა ვოდემ.
მან აღნიშნა, რომ მოლდოვა, როგორც სახელმწიფო და მოლდოველები, განურჩევლად პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური სიმპათიებისა, მიისწრაფვიან მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ.
“ჩვენ მადლობელი ვიქნებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია, პატივს სცემდეს ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას. მოლდოვას რესპუბლიკამ მკაფიოდ აირჩია თავისი მომავალი და ეს მომავალი უნდა იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი”, – თქვა მან.