„ჩვენ წინააღმდეგ მთელი ნატო იბრძვის და დაფიცება, რომ “ჩვენ არ ვიბრძვით” – სასაცილოა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მთელი ნატო იბრძვის.

მისი თქმით, კიევის “რეჟიმის გარშემო” ნაცისტური იდეოლოგიაა. მაგალითის სახით მან ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის “რუსეთი ისე უნდა დაისაჯოს, რომ ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა ვერ შეძლოს”.

ამის შესახებ ლავროვმა დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენ წინააღმდეგ მთელი ნატო იბრძვის და საუბრები და დაფიცება, რომ „ჩვენ არ ვიბრძვით, არამედ მხოლოდ იარაღით ვეხმარებით – სასაცილოა“, – თქვა რუსმა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინაში იარაღთან ერთად დაქირავებულ მებრძოლებსაც აგზავნიან.

„ყველა სახის იარაღი, რომელიც უკვე ნაწილობრივ არის გადაცემული და განსაკუთრებით ის, რაც გამოცხადდა, ექსპერტების აზრით, შეუძლებელია, რომ ეს სისტემები გაწვრთნილმა, ან ორკვირიანი კურსები გავლილმა უკრაინელებმა მართონ. ექსპერტების აზრით, არსებობს სისტემები, რომლებისთვის, უახლოეს მომავალში ვერ გაიწვრთნები და თუ მათ აწვდიან, შეუძლებელია, ეს გააკეთონ საბრძოლო გათვლების გარეშე. როგორც ჩანს, მათ დროებით გაათავისუფლებენ ჯარიდან და დარეგისტრირდებიან როგორც დაქირავებულები“, – განმარტა ლავროვმა.

ამასთან, ის ისევ შეეხო ნაცისტურ იდეოლოგიას, რომელიც, რუსეთის მტკიცებით, საფუძვლად კიევის მთავრობას უდევს.

„რატომ ამბობს უარს ხალხი ნაცისტური იდეოლოგიის დანახვაზე, რომელიც კიევის რეჟიმს საფუძვლად უდევს? ყველა იმ განცხადებას, რასაც მათი გულშემატკივრები და მარიონეტები აკეთებენ, სხვაგვარად ვერ განვიხილავ თუ არა მცდელობად, რამენაირად გადაწყვიტონ “რუსული საკითხი”. რუსეთმა უნდა მიიღოს სტრატეგიული მარცხი და დიდი ხანი ვერ წამოდგეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის ცნობილმა ფიგურამ, თქვა, რომ ომის შედეგი უნდა იყოს რუსეთის დამარცხება და ისეთი დამარცხება, რომ ათწლეულების განმავლობაში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ვერ აღადგინოს თავისი ეკონომიკა. ეს არ არის რასიზმი და ნაციზმი?”- თქვა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები