მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება

 მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ წარუდგინა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ საქალაქო სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახური, განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის საქალაქო სამსახური და კულტურის საქალაქო სამსახური.
როგორც ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის, ისევე, როგორც დანარჩენი ორი სამსახურის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება რამდენიმე მოტივით არის განპირობებული.
თითოეული სამსახურის საქმიანობის სფერო თავისი შინაარსით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფებისა და ბენეფიციართა დიდი რაოდენობის გამო, მართვის სისტემა წარმოდგენილი სახით უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება.
ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ამჟამად არსებული სახით მოქმედი სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის საქმიანობის კუთხით, მერია ვერ გაატარებს ერთიან პოლიტიკას, რადგან სამსახურსა და რაიონულ გამგეობებს შორის არ არსებობს არავითარი კოორდინაციის მექანიზმი, სამსახურს არ აქვს ერთიანი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელიც საერთო იქნებოდა მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები