დეკანოიძე – ხაბეიშვილის განცხადებაზე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ – ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, – ასე აფასებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც პარტია მზად არის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტი და საკრებულოები დატოვოს.

დეკანოიძის განცხადებით, პარტია არის კოლეგიალური ორგანო და მოსაზრებების გაზიარებაა საჭირო.

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. ამ განცხადებების შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მანდატების დატოვების საჭიროებაზე კობა ნაყოფიას განცხადებასაც და აღნიშნა, რომ თუ საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მას რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს, თუმცა, განცხადებები, რომელთა უკან ცვლილებები არ ხდება, პოპულისტურია და ასეთი პოლიტიკას მომავალი არ აქვს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ დადგება ეს საკითხი, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტოს, მე ამაზეც წინააღმდეგი არ ვარ. ყველას უნდა ესმოდეს, პარლამენტში ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში მუშაობა ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ნიკა გვარამიას საკითხზე, როგორც ევროსაბჭოში იყო ეს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება მისაღები, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პარლამენტშია. თუმცა, ძალიან არ მომწონს, როცა მხოლოდ განცხადებები კეთდება და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები არ ხდება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი წარმოდგენით პოპულისტური პოლიტიკა, რადგან ასეთ პოლიტიკას უბრალოდ მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ენმ-ის ახალი თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ხატია დეკანოიძემ მიიღო გადაწყვეტილება, საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები