„ქალაქს ეს იმიტომ დაეტყო, რომ რეალურად თბილისში ჰაერის განიავება არ ხდება“ – ნინო ჩხობაძე ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაზე

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განმარტებით, თბილისს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება იმის გამო დაეტყო, რომ, რეალურად, ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება.

ამის შესახებ ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ბუნებრივი მოვლენა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა, მეზობელი სახელმწიფოებიდან ჰაერს მასების, PM, მყარი ნაწილაკების შემოსვლას ეხება. ეს რამდენიმე წლის წინაც მოხდა. გახსოვთ, რომ საჰარის უდაბნოდან მტვერი იყო შემოსული, ასევე, არანაკლებად სერიოზული პრობლემა იყო ცენტრალური აზიიდან შემოსული მტვერი, რომელიც დღესაც ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს და თბილისშია დალექილი. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამას ვერაფრით შევეწინააღმდეგებით. ეს ხდება ატმოსფეროში, ასეთი მასების გადაადგილება ხდება. ასეთი მოვლენები ყველასთვის ცნობილია. ქალაქს ეს ბოლო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაეტყო, რომ თბილისის განიავების პროცენტი, მაღალსართულიანი შენობების გამო, სამწუხაროდ, საკმაოდ შემცირებულია და რეალურად ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება. ეს დაბინძურების, ანუ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გაზრდის კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, ამას ტრანსპორტიდან დაბინძურება ემატება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მანვე განმარტა, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება და რა პრობლემები შეიძლება, შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას.

„ზოგ ქალაქში, სადაც განიავებაა, ეს ნაკლებად ჩანს, სწრაფად გაიწოვება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალაქს თავისი პრობლემები აქვს, რადგან განიავება არ აქვს. შესაბამისად, თბილისში ეს ცოტა დიდხანს გაგრძელდა. რამდენადაც ვიცი, უკვე გავიდა.
ვისაც ალერგიული დაავადებები აქვს, მისთვის ეს პრობლემატური თემაა. ამ პერიოდისთვის მოსახლეობას ურჩევენ, გარეთ არ გამოვიდნენ, თუ საჭიროება არ არის, სახლში იყვნენ, ან რესპირატორებით იარონ. რისკჯგუფებში ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების, ალერგიული დაავადებების მატარებლები მოიაზრებიან. ამ დროს შეიძლება, რესპირატორული პრობლემები შეიქმნას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს შესაძლოა, სუნთქვა გაუჭირდეს“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჰაერის დამაბინძურებელი ყველაზე დიდი წყარო ტრანსპორტია.

„გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ საქართველოში სენსაციასავით იყო და საკმაოდ რთულად აღიქვა საზოგადოებამ, როცა „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ“ გამოაცხადა, რომ საქართველო რესპირატორული დაავადებებით სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა, ჰაერის დაბინძურებიდან გამომდინარე. შემდეგ ამ საკითხების საკმაოდ დიდი და სერიოზული განხილვები იყო. თითქოს, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული პრობლემა ისევ გვაქვს. რა თქმა უნდა, ისეთი „საპატიო“ პირველი ადგილი აღარ გვიჭირავს. მოქმედებათა გეგმა ძალაში შევიდა, კონკრეტული მოთხოვნები გამკაცრდა, საწარმოებთან მიმართებით ახალი კანონი შემოვიდა, ფილტრების დადგმა სავალდებულო გახდა, პრობლემა, თითქოს, მოგვარებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ყველაზე დიდი დამაბინძურებუელი წყარო ტრანსპორტია. ვერავინ მეტყვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა თბილისთან მიმართებაში, საუკეთესოა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქალაქში ძალიან ბევრი საცობი გვაქვს. საცობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იმ კონკრეტულ მონაკვეთშიც და შემდგომ, ზოგადად, ქალაქში საკმაოდ სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ვამბობთ: იმისთვის, რომ ქალაქის და ზოგადად, ურბანული დასახლებების ატმოსფერული ჰაერი უკეთესი გახდეს, მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო პოლიტიკა იყოს შექმნილი, საწვავთან დაკავშირებით საკითხები გამკაცრებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში ძალიან ბევრი ევროსაწვავი შემოდის, ანუ ახალი სტანდარტებია დადგენილი.
ასევე ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესი, იქიდან გამომდინარე, რომ როცა ამა თუ იმ ადგილას მშენებლობა მიდის, ჩვენ შეფუთულ შენობებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ და ჰაერი ისევ ბინძურდება“ ლ, – განაცხადა ჩხობაძემ.

ცნობისთვის, 18 იანვარს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდებოდა.
მათივე ცნობით, 29 იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ნარჩუნდება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

„აღნიშნული პროცესი გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემზე დაყრდნობით უწყვეტ რეჟიმში ზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები