ირაკლი ქადაგიშვილი: ლევან ხაბეიშვილის არჩევა არის მათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნა და მერე აირჩია
ლევან ხაბეიშვილი არის კოლექტიური წარსული, რომელიც ჯერ კონვულსიურად, მაგრამ იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის საკითხს.
მისი თქმით, ხაბეიშვილის არჩევა არის მათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნა და შემდეგ აირჩია.
„ლევან ხაბეიშვილი არის კოლექტიური წარსული, რომელიც ჯერ კონვულსიურად, მაგრამ იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნორმალური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა და იძახის, რომ მე ყველაზე მუხრუჭებმოშლილი პოლიტიკოსი ვიქნები. ეს არის იმათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნეს და მერე აირჩიეს.
ჩვენ არ მოგვიწოდებია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აერჩიათ გზა არსაითკენ, რაც არჩეული აქვთ. ეს არის მათი შეგნებული არჩევანი. რა გავაკეთოთ ჩვენ? – არ ვთქვათ, რომ ეს არის გზა არსაითკენ? ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს არ უქადის. ის პოლიტიკა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, არის გზა ცუდისკენ და ამის მოტრიალება ქართულ რეალობაში და მისთვის რამე სახელისუფლებო ბერკეტის მიცემა არის დამანგრეველი.
ის არჩევანი, რაც მათ ჯერ კულუარულად გააკეთეს და შემდეგ ე.წ. არჩევნებით გააფორმეს, არის მათი არჩევანი. ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრი [ოპოზიცია] ცდილობს დისტანცირდეს ამ ბოლო გადაწყვეტილებისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მოიხარშა.
რა ხმების მომტანია საზოგადოებაში მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ა.შ.? ან გათვლა იყო სრულ ამნეზიაზე, რომ საზოგადოებაში სრული ამნეზიაა, ან მეტი რა შედეგის მომცემია? საზოგადოებაზე, არც კეზერაშვილს და არც მერაბიშვილს რამე გავლენა არ აქვს, პირიქით ეს არის უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.