ირაკლი კახიძე ქუთაისის ოპერის თეატრის „ტოსკაში“ იმღერებს

10 თებერვალს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე) წარმოდგენილი იქნება დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ძალზე პოპულარული, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული შედევრი – ოპერა „ტოსკა“, რომლის დადგმის მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ოპერის თეატრი ავრცელებს.

დადგმაზე იმუშავეს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარმა თეო კუხიანიძემ. პუჩინის „ტოსკას“ 2 საპრემიერო ჩვენება 2022 წლის 23, 25 დეკემბერს შედგა, ამდენად, ეს მესამე საპრემიერო წარმოდგენა იქნება.
ამჯერად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (კავარადოსი) და ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები მარიამ ფირცხალაიშვილი (ტოსკა, სწორედ ამ როლით შედგება ახალგაზრდა სოპრანოს დებიუტი ქუთაისის ოპერის თეატრში), მამუკა ლომიძე (სკარპია), გივი გიგინეიშვილი (ანჯელოტი), ემილ ჩარგაზია (მნათე), ბერდია ონიანი (სპოლეტა), დავით სიმსივე (შარონე, მეციხოვნე), ასევე ანრი ადამია (მწყემსი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი. სპექტაკლს იდირიჟორებს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. თეატრის შემოქმედებით სტუმარს ირაკლი კახიძეს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგენა არ ესაჭიროება, თუმცა, აქვე მაინც გაგაცნობთ მის ახალ მიღწევებს.

ირაკლი კახიძე პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი ტენორია, ვინც ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა (2018 წ.).ის დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში.პანდემიის დროს წარმატებული სპექტაკლები ჰქონდა მას ასევე ჰონგ კონგში.

ირაკლი კახიძეს შემოქმედებითი პარტნიორობა აკავშირებს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ლუდოვიკ ტეზიე, ლატანია მოორე, მიშელ ფოლე, ტატიანა სერჟანი, ბეატრის ურია-მონძონი, ეკატერინე სემენჩუკი, ერვინ შროტი, რომან ბურდენკო, დრაგანა რადაკოვიჩი, სვეტლა ვასილევა, ოლესია პეტროვა, ვლადისლავ სულიმსკი, ქეთრინ ფოსტერი და სხვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ევროპული პრესიდან, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ შტრიხებს ირაკლი კახიძის პორტრეტისთვის: „ირაკლი არის უაღრესად სიმპათიური, არაჩვეულებრივად პოზიტიური ადამიანი, თბილი, კეთილი, კოლეგიალური და კარგი იუმორის მქონეც. ერთი სიტყვით უაღრესად სასიამოვნო გარემოს ქმნის მუშაობის პროცესში. რაც შეეხება მას როგორც მომღერალს… მიმაჩნია, რომ მის შემთხვევაში საქმე გვაქვს განსაკუთრებულ, ფენომენალურ მოვლენასთან. მისი ხმა არის ულამაზესი ტემბრით, ძალით და მოცულობით შეფერილი. გასაოცარია რეგისტრული სკალა, რომელსაც იგი ასე ოსტატურად ფლობს და რაც საშუალებას აძლევს თავისუფლად იგრძნოს თავი უკიდურესად მაღალ რეგისტრშიც კი. მას აქვს ყველაფერი რაც ნამდვილ სპინტო-ტენორს სჭირდება ვერდისა და პუჩინის რთული რეპერტუარის სიმღერისთვის. და კიდევ… ის რაც მის სიმღერას განსაკუთრებულს ხდის და რაც ასე ძალიან მხიბლავს მასში, ეს არის სიტყვის და ფრაზის მნიშვნელობის საოცრად ზუსტი შეგრძნება. ეს ფაქტორი ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის თითქმის გადამწყვეტია. ირაკლის სადღაც შიგნიდან გულისა და სულის სიღრმიდან გამოაქვს სიტყვის მნიშვნელობა და ბრწყინვალე ბრილიანტების სახით მიაქვს მსმენელამდე. მომღერელი ირაკლი კახიძე მანჰაიმის ნაციონალური თეატრის ნამდვილი მონაპოვარი და განძია!!! ეს არის ხმა რომელიც მუდმივად გინდა რომ ისმინო!“- წერს შტეფჰენ მარინარო, მანჰაიმის ნაციონალური თეატრის მთავარი მრჩეველი სამხატვრო-მუსიკალურ დარგში.

„ქართველ ტენორს ირაკლი კახიძეს რომელმაც, უკვე დაიმკვიდრა შესანიშნავი იტალიური სპინტო-ტენორის რეპუტაცია, ახლა კი უკვე ფრანგული კლასიკური რეპერტუარის ნადირისა და დონ ხოზეს ჩათვლით, შემატა კიდევ ერთი ბრწყინვალე და ურთულესი როლი – ვერთერი (მასნეს „ვერთერი“). მისი ულამაზესი ტემბრის ხმა იღვრებოდა რბილად და ლირიკულად, გულშიჩამწვდომად და სავსედ ჟღერდა მაღალი ნოტები… ვოკალურ პრევალენტობას იგი შესანიშნავად უთავსებს ლეგატისიმოს და პიანოს გასაოცარ კულტურას, ასევე იშვიათი გემოვნების მუსიკალურ ფრაზირებას“ – წერს გერჰარდ ჰოფმანი. „ირაკლი კახიძე – დონ კარლო! კიდევ ერთი ნათელი შედევრი მის რეპერტუარში! განსაკუთრებულად გამორჩეული ვოკალური აქცენტები ყველა სცენაში! ქართველმა ტენორმა კიდევ ერთხელ მოხიბლა მსმენელი თავისი ზუსტი, სრულყოფილი და ელეგანტური ხმით! ტენორი თავდაჯერებული ბრწყინვალებით! ყველანაირი შოუმენობის გარეშე!“ – ამ სიტყვების ავტორიც კრიტიკოსი გერჰარდ ჰოფმანია.
სამი სხვადასხვა გერმანული გამოცემა ასე ეხმაურება ირაკლი კახიძის მიერ განსხეულებულ დონ ხოზეს (ბიზეს „კარმენი“): „მართლაც რომ რთულია იყო ირაკლი კახიძის პარტნიორი სცენაზე. სენსაციურ შთაბეჭდილებას ახდენს მისი ულამაზესი ხმის ძალა, თავისუფალი მაღლების, ფრაზირების და ტონის სრულყოფის შთამბეჭდავი მოდიფიცირება!“; „…იდეალურ დონ ხოზედ გვევლინება ირაკლი კახიძე, ძლიერი ხმით, თავისუფალი ფრაზირებით, მყარი და გაშლილი მაღლებით!“; „…თავისი სასიამოვნო ტემბრით შეფერილი ხმით აცოცხლებს დონ ხოზეს ირაკლი კახიძე. გასაოცარ განვითარებას აღწევს იგი ბოლო სცენაში, მძიმე რუბატოებისა და სულისშემძვრელი ინტონაციის მეშვეობით“.
ირაკლი კახიძეს ქუთაისის ოპერის თეატრში არაერთხელ აქვს ნამღერი დიდი წარმატებით და შეიძლება ითქვას, რომ ის ამ თეატრის მსმენელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია. ამჯერადაც, „ტოსკა“ მისი და თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით, რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაგამდიდრებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები