“უკრაინაში შეჭრამდე პუტინი სარაკეტო დარტყმით დამემუქრა” – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრამდე, მასთან სატელეფონო საუბრისას, სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა.

ამის შესახებ ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში – „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“ ისაუბრა.

ჯონსონმა თქვა, რომ პუტინი მას შემდეგ დაიმუქრა, რაც კრემლის ლიდერი გააფრთხილა, რომ ომი “სრული კატასტროფა” იქნებოდა.

ჯონსონმა გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევს დასავლეთის სანქციებს და ნატო-ს ჯარის გაზრდას რუსეთის საზღვრებთან. მან ასევე სცადა შეჭრის შეჩერება და უთხრა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა.

“რაღაც მომენტში ის დამემუქრა და მითხრა: “ბორის, არ მინდა, ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება”, ან რაღაცა ასეთი თქვა. სახალისოა”, – ამბობს ჯონსონი.

ამავე ფილმში ჯონსონმა ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 24 თებერვლის ღამეს გამართული საუბარი გაიხსენა.

“ზელენსკი ძალიან, ძალიან მშვიდია. მაგრამ მან მითხრა: “იცით, ისინი ყველა მხრიდან გვიტევენ”, – იხსენებს ჯონსონი.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია შესთავაზა.

“მან არ მიიღო ჩემი შეთავაზება. გმირულად დარჩა ადგილზე”, – თქვა ჯონსონმა.
Write to მარიამ ტიელიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები