რატი იონათამიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის საფუძვლად იქცეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძვლად იქცეს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მუშაობა პროაქტიულია და ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომსწრე გავხდით. მიღებული რეზოლუცია საინტერესოა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის საფუძვლად იქცეს.

რაც შეეხება პოლარიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ჩატარდება და ეს არჩევნები დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. საქართველოში მედიის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. მედიაგარემო არჩევნების შემდეგ შეფასდა და ითქვა, რომ სამწუხაროდ, მედიაში პოლიტიკური დღის წესრიგი საკმაოდ მაღალია, მაგრამ იმედი მაქვს, როცა პოლარიზაცია შემცირდება, მედია სუბიექტური პოლიტიკისგან დაიცლება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები