მაია ბუწაშვილი: საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს

“ებოლას ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა”,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.

“თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გაცდენია.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.
ვირუსის გავრცელება დაიწყო კონგოში და ახლა შემთხვევები უგანდაშიც რეგისტრირდება. ამჟამინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 134 სიკვდილის შემთხვევა. 500-ზე მეტი პაციენტი საეჭვოა ებოლაზე.
ერთი პაციენტი, რომელიც არის აშშ მოქალაქე, გადაყვანილია სამკურნალოდ ბერლინში.

ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, ასევე დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის.

ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდეა.
სიმპტომებია ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, კუნთების და თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გამონაყარი, მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა. სიკვდილობის მაჩვენებელი 25-დან 90%-დეა.

ვაქცინა არსებობს ებოლას სხვა, ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და სხვადასხვა აფეთქებების დროს ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვაქცინა ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი ქვეტიპის მიმართ არაეფექტურია.

წარსულში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია იყო 2014–2016 წლებში, რომლის დროსაც ინფიცირების დაახლოებით 28 ათასი და სიკვდილის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა”, – წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები