ვირჯინია ვულფს ლონდონში ქანდაკება დაუდგეს

დავდგათ რუსთაველზე მირზას და ლადოს ქანდაკება

ვირჯინია ვულფს ლონდონში ქანდაკება დაუდგეს. ინგლისური ლიტერატურის გიგანტის ვირჯინია ვულფის ამ ქანდაკების დადგმას ლონდონი 5 წელიწადს ელოდა.
ვულფის სახელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე ძეგლი და მემორიალური დაფა უკვდავყოფს. მის ბიუსტს ნახავთ ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში, ასევე – ტევისტოკის მოედანზე და როდმელში (ლონდონის გარეუბანი). მის საფლავზე. მემორიალურ ლურჯ დაფებს კი შეხვდებით კენსინგტონში, ფიცვორიაზე, ბლუმსბერის მოედანსა და რიჩმონდში. ამ უკანასკნელ ადგილზე მწერალი 1914-1924 წლებში ცხოვრობდა, სადაც მეუღლესთან, ლეონარდ ვულფთან, ერთად დააარსა გამომცემლობა „ჰოგარტ ჰაუსი”.
ვირჯინია ვულფის (1882-1941) გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე რიჩმონდში, 2021 წლის გაზაფხულზე, აპირებდნენ მოქანდაკე ლორი დაიზენგრემელის სკულპტურის საჯაროდ გახსნას, რაც გადაიდო  საზოგადოებაში არსებული უთანხმოების გამო.
თავდაპირველი ჩანაფიქრით, ვულფის ბრინჯაოს სკულპტურა, რიჩმონდში, მდინარე ტემზის სიახლოვეს უნდა დადგმულიყო. გამოითქვა აზრი, რომ რადგან მწერალმა მდინარეში დახრჩობით დაასრულა სიცოცხლე, ამან მნახველს შესაძლოა, ცუდი ფიქრები აღუძრასო… ამ ბჭობაში წელიწად-ნახევარი გავიდა და აგერ ახლახან ტემზის ნაპირას საბურველი ჩამოხსნეს აღნიშნულ ქანდაკებას, რომელიც ახლა მდინარიდან 30 მეტრის მოშორებით, ოდნავ შემაღლებულ ტერასაზე დგას.
ეს ხალხმრავალი ადგილია და დღეში ათასობით თვალი უყურებს გენიალური მწერლის ნატურალური ზომის სახებას, რომელიც ბაღის სკამის ერთ მხარეს ზის, მარჯვენა ხელით ის სკამის საზურგეს, მარცხენათი კი წიგნს ეხება. უაღრესად მეტყველი სკულპტურაა, სახის გამომეტყველება  სათნო და პირღიმილიანია. ჟესტი კი ისეთია, თითქოს გამვლელს თვალებით მიახლოებას და მის გვერდით ჩამოჯდომას სთხოვს.
ლონდონის ახალი შენაძენი მართლაც არის რიჩმონდის და ტემზის სანაპიროს დომინანტი და მნახველისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი.
შესანიშნავია, რომ აქ ასე უყვართ მწერალი და, ზოგადად, ლიტერატურა.
მე კი ფიქრით მაინც საქართველოს ვუტრიალებ, სადაც ასევე ძალიან უყვართ ლიტერატურა. ამიტომაც შეხვდებით დედაქალაქის მაგისტრალზე, რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე გამოჩენილი მწერლის ქანდაკებასა და მემორიალურ დაფას. თუმცა, მე მაკლია და ვისურვებდი, ამ პროსპექტზე შევხვედროდი მირზა გელოვანსა და ლადო ასათიანს, „მარადიულ ჭაბუკებად” (ნიკა აგიაშვილი) დარჩენილ გენიალურ პოეტებს, რომლებმაც უკვე რამდენიმე წელია, საუკუნეს გადააბიჯეს.
ორმოცი წლის წინათ, მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიამ კი შექმნა მირზა გელოვანის ძეგლი, მაგრამ ის სამოქალაქო ომის დროს უკვლოდ გაუჩინარდა შავნაბადას ტერიტორიიდან. მე ვისურვებდი, რომ ახალი თაობის ქართველი მოქანდაკეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცეს ვირჯინია ვულფის სკულპტურა და შექმნან რუსთაველს პროსპექტისთვის განკუთვნილი მირზას და ლადოს ნატურალური ზომის ქანდაკება. საქართველოსა და თბილისზე შეყვარებული და ამ სიყვარულის სიტყვით უბადლოდ გამომთქმელი ეს ორი გენიოსი ნამდვილად იმსახურებს ასეთ გამორჩეულ პატივს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები