სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღეს ოლეგ მელნიკოვს დაკითხავენ
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა გაგრძელდება. დაკითხვა 18 აგვისტოს უნდა გაგრძელებულიყო თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერიან მეტრეველის ახალმა ადვოკატმა, სურენ ბარეგიანმა საქმის მასალების გაცნობის თხოვნით სასამართლოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 11 აგვისტოს მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით საზოგადოებაში არსებული პროტესტი უნდა ჩაეხშოთ.
მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.