თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის მოვალეობას გიორგი ხარებავა შეასრულებს

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ხარებავა დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ხარებავას კანდიდატურა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინა და საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით მისი კანდიდატურა დამტკიცდა.
გიორგი ხარებავა წლების განმავლობაში საქმიანობს როგორც კინოხელოვნებაში, ისე საგანმანათლებლო სფეროსა და ტელევიზიებში.
„1993-1998 წლებში ის სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინორეჟისურის ფაკულტეტზე. შემდეგ საქართველოში შეისწავლა ტოპ-მენეჯმენტის CEO-პროგრამა, ხოლო იტალიაში დაამთავრა კინორეჟისურის სპეციალური და სადოქტორო კურსები.
2007 წელს გიორგი ხარებავამ დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია „ჯი-ეფ-ემ სტუდიო“, რომელსაც დღემდე თავად ხელმძღვანელობს. 2013-2018 წლებში იყო სს „სინემაკლუბის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2017 წლიდან კი არის „ქართული ფილმის“ დირექტორი.
1997 წლიდან გიორგი ხარებავა მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, იყო სატელევიზიო პროექტებისა და გადაცემების რეჟისორი. 2002 წლიდან იგი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, 2013-2018 წლებში კი იყო ამ ორგანიზაციის (დღევანდელი „კინოაკადემიის“) გამგეობის წევრი.
გიორგი ხარებავას აქვს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც: 2003 წლიდან ის არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2010-2012 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 2011 წელს – ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტის, 2013-2018 წლებში – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, 2016-2017 წლებში კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიწვეული პედაგოგი.
გიორგი ხარებავა არის რეჟისორი დოკუმენტური ფილმებისა: „ველოსიპედით მთვარემდე“, „უზნაძის ეფექტი“, „სულის ცხენი“, „ღია ფანჯრები“; სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლისა „აქტუალური მინიატიურები“, „მესხების კუნძული“.
2009 წელს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გიორგი ხარებავამ დადგა სამი მინისპექტაკლი იტალიურ ენაზე: „დღესასწაული“, „კონვერტი“ და „ორი ძმა“. ასევე, საგულისხმოა, რომ 2014 წელს მან გამოსცა „კინოტერმინების ლექსიკონი“ (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური).
გიორგი ხარებავა მონაწილეობდა არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. 1998 წელს ქრისტიანული და მართლმადიდებლური ქვეყნების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე კიევში მან მიიღო პრემია „ოქროს რაინდი“. ამავე წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო წმ. ანას სახელობის II პრემია. 2003 წელს ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, 2014 წელს კი ოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ ფილმისთვის „ღვინის აკვანი“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი) – პრიზი რეგიონულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ხარებავა ხშირად ატარებს მასტერკლასებს; საზაფხულო კინოსკოლაში ასწავლის სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვთ მიღებული.
გიორგი ხარებავა მოვალეობას ა.წ. 1 თებერვლიდან შეასრულებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები