რუმინეთში ძლიერმა შტორმმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე რეგიონში კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ საერთაშორისო მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქი ბუქარესტი და 20-ზე მეტი ოლქი მოიცვა. ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ხოლო ათობით ავტომობილი ჩამოვარდნილმა ხეებმა დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის ავტომობილს ქარიშხლის დროს წაქცეული ხე დაეცა.
მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა არაერთი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ხელისუფლებამ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უამინდობის გამო რამდენიმე რეგიონში საგანგებო მზადყოფნა მოქმედებს.